„ეს მისი მენტალიტეტის ნაწილია“ - პისტორიუსი გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის მუქარაზე
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, არ ელის, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიტაცებს.
პისტორიუსმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მუქარას გრენლანდიასთან დაკავშირებით „მისი მენტალიტეტის ნაწილად“ მიიჩნევს.
მისი თქმით, გრენლანდია ნატოს ნაწილია და ამერიკელებს იქ უკვე აქვთ ბაზა და შეთანხმებები - და ამის საფუძველზე მათ შეუძლიათ, კიდევ უფრო გააფართოონ თავიანთი ყოფნა.
მან დასძინა, რომ გრენლანდიაში აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით არ ღელავს: „მე ვერ ვხედავ ასეთი ჩარევის საფუძველს“.
პისტორიუსის თქმით, აშშ-ში ასევე არსებობენ „ხმები, რომლებიც ამის მკაფიოდ წინააღმდეგნი არიან“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გრენლანდიაში ბუნდესვერის ძალების განლაგებაში ახალი არაფერია.
„ჩვენ წლებია, ვმუშაობთ არქტიკასა და ჩრდილოეთის ზღვაში, ვმონაწილეობთ წვრთნებში კანადასთან, ნორვეგიასთან და დანიასთან ერთად“, - განმარტა გერმანელმა მინისტრმა.
მისივე თქმით, ბუნდესვერის „13, ან 15 ჯარისკაცი“ გრენლანდიაში სამხედრო მისიით არ იმყოფება, არამედ ერთგვარი სადაზვერვო ჯგუფია.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნებიდან გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგება გავლენას არ მოახდენს პრეზიდენტ ტრამპის გეგმებზე, კუნძულზე კონტროლი დაამყაროს.