„ეს ჩვენი ომი არ არის“ - გერმანიის ვიცე-კანცლერი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე
გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა უარყო ბერლინის მონაწილეობა ირანში სამხედრო კონფლიქტის ესკალაციაში და განაცხადა, რომ „ ეს ჩვენი ომი არ არის“. წერს Politico.
კლინგბეილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება „ტერორისტული რეჟიმია“, საჰაერო დარტყმები, სავარაუდოდ, პრობლემის მუდმივ გადაწყვეტას ვერ უზრუნველყოფს და არსებობს სერიოზული კითხვები მათ საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობის შესახებ.
„ძალიან მკაფიოდ ვამბობ: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამ ომში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გერმანელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი წესრიგი, სადაც „მხოლოდ ძლიერის კანონი მოქმედებს“ და დასძინა, რომ საერთაშორისო ურთიერთობები კვლავ წესებზე დაფუძნებულ სისტემას უნდა დაეყრდნოს.