Loading data...
„ეს ახალი ომია“ - ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წვრთნები სახლში უნდა გაიარონ

უკრაინელი სამხედროების სასწავლო მისიები უკრაინაში უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტებზე ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გარანტიებიდან პირველი პუნქტი ძლიერი უკრაინული არმიაა. „ამისთვის კი საჭიროა ის ხალხი, რომელიც გვყავს, ასევე სასწავლო მისიების გაგრძელება“.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი (მისიები) უკრაინაში უნდა იყვნენ. რადგან, როდესაც ახლა ჩვენს ხალხს საზღვარგარეთ ვამზადებთ, ისინი ბრუნდებიან და ჩვენ მათ ხელახლა ვამზადებთ. ეს ახალი ომია, ძალიან ბევრი ტექნოლოგიაა და ყველაფერი იცვლება. ჩვენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ეს სიმართლეა. ჩვენმა პარტნიორებმა - ევროპელებმა და ამერიკელებმა - ჩვენი ბიჭებისგან სწავლა დაიწყეს. და ეს კარგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დაიწყო მუშაობა უკრაინული ჯარების წვრთნების მისიის მანდატის შეცვლაზე, რათა მისი განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე იყოს შესაძლებელი.