Loading data...
ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა

ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

მანამდე, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის დაღუპვის შესახებ. სარდლობის ცნობით, მიმდინარეობს ინციდენტის გარემოებების გამოძიება. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ვინაობა 24 საათის განმავლობაში არ გასაჯაროვდება, იქამდე, ვიდრე ნათესავებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინებენ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ, „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ამერიკული მხარის ინფორმაციით, 12 მარტს ერაყში ჩამოვარდა KC-135 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი. როგორც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განმარტა, შემთხვევასთან არც მტრის ცეცხლი და არც მეგობრული ცეცხლი არ ყოფილა დაკავშირებული.