Loading data...
ერაყის ქალაქ ბასრაში ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა

ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქ ბასრაში, ელექტროსადგურზე გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 35 კი დაშავდა. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზრდება, იუწყება Reuters.

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო INA-ს ცნობით, „ჰართას“ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძარი სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფებმა კონტროლს დაუქვემდებარეს, ადგილზე მეხანძრეები მივიდნენ. 

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ხანძარი მეზობელ სახლებზეც გავრცელდა, რის გამოც ელექტროსადგურის მუშაობის შეწყვეტა გახდა საჭირო.

ერაყის უსაფრთხოების მედიაცენტრის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 6 საათისთვის გაჩნდა. დაშავებულთა უმეტესობა დაზიანებული სახლების მცხოვრებლები არიან, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს, ან კვამლით მოიწამლნენ.

ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი უკავშირდება გაზსადენს, რომელიც ელექტროსადგურს ამარაგებს.

პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ სადგურზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების ბრძანება გასცა.