Loading data...
ერაყი რუსული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნავთობის საბადოს ნაციონალიზაციას აპირებს

ერაყის მინისტრთა კაბინეტმა ნავთობის საბადოს, „დასავლეთ კურნა 2“-ის ნაციონალიზაციას მხარი დაუჭირა. ეს საბადო რუსულ კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნოდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ნაციონალიზაციის შემდეგ საბადოზე ოპერაციებს ერთი წლის განმავლობაში ერაყის სახელმწიფო კომპანია, Basra Oil განახორციელებს. ეს გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები მოქმედებს და მისმა ოპერირებამ, შესაძლოა, ნავთობის ბიზნესში შეფერხებები გამოიწვიოს.

„ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ნავთობის შეუფერხებელი მოპოვება. 12 თვის განმავლობაში კი „ლუკოილის“ წილის მყიდველის მოძიებას შევეცდებით“, - განაცხადა Basra Oil-ს წარმომადგენელმა.

ერაყული კომპანია თანამშრომლებს ხელფასებს გადაუხდის, საოპერაციო ხარჯებს აანაზღაურებს და კონტრაქტორ კომპანიებს შესაბამის თანხებს გადაუხდის.

„ლუკოილის“ წილი ერაყის ამ საბადოში 75%-ს შეადგენდა და ეს რუსეთის ნავთობის გიგანტის უმსხვილესი უცხოური აქტივი იყო. ამ საბადოზე დღეში 460 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება, რაც ერაყში მოპოვებული მთელი ნავთობის 9%-ს უდრის.

ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ორი რუსული ნავთობის კომპანიის, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა.