ენდი ბერნჰემი აცხადებს, რომ სურს, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში მისი სიცოცხლის განმავლობაში დაბრუნდეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ შეასრულებს ლეიბორისტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებას და მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დაბრუნებას არ მოითხოვს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ისურვებდა, ქვეყანა ევროკავშირში მისი სიცოცხლის განმავლობაში დაბრუნდეს.
მისი თქმით, „ბრექსიტიდან“ გასული „ათწლიანი გამოცდილების“ შემდეგ მოვლენები ისე არ განვითარდა, „როგორც იმ დროს ხალხი ვარაუდობდა“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მოიცავს „დასუსტებულ ეკონომიკასა“ და იმიგრაციაზე „დასუსტებულ“ კონტროლს.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ბერნჰემმა განაცხადა: „მე არ გამოვდივარ ევროკავშირში დაბრუნების წინადადებით ამ პარლამენტის ვადის განმავლობაში. ჩვენ ახლა ძალიან შორს ვართ ამისგან“.
ბერნჰემმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში მის სიცოცხლეშივე გაწევრიანდეს.
„არ ვაპირებ საზოგადოებრივი აზრის წინასწარ განსაზღვრას, არ ვაპირებ, აქ ჩემი პირადი მოსაზრებები სხვებს თავს მოვახვიო. უნდა უზრუნველვყოთ, რომ საზოგადოებამ - ბრიტანელმა საზოგადოებამ - ამ საკითხში წამყვანი როლი შეასრულოს“, - დასძინა მან.