Loading data...
ეკვადორში პრეზიდენტის კორტეჟს თავს დაესხნენ

ეკვადორში საპროტესტო აქციის მონაწილეები ავტოკოლონას თავს დაესხნენ, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი დანიელ ნობოა იმყოფებოდა. ინციდენტი კანიარის პროვინციაში მოხდა და ამის შესახებ ეკვადორის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ X-ში დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრმა ინეს მანსანომ განაცხადა, ნობოა წყლის საფილტრი სადგურის გახსნაზე მიდიოდა. ამ დროს მის კორტეჟს საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე თავს დაესხა.

„500-მდე ადამიანმა პრეზიდენტის კორტეჟს ქვები ესროლა, ხოლო მის მანქანას ნატყვიარები აღენიშნება“, - განაცხადა ინეს მანსანომ.

პრეზიდენტის კორტეჟზე თავდასხმის საქმეზე 5 პირია დაკავებული. ეკვადორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ ადამიანებს „ტერორიზმისა და მკვლელობის მცდელობისთვის“ გაასამართლებენ.

ნობოას წინააღმდეგ აქციები ეკვადორში სექტემბრის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ დიზელის საწვავის სუბსიდირებაზე უარი განაცხადა.