Loading data...
ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს - Meduza

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება წერს, შიხლისკისთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

„დაკავების დროს ძალოვნება შიხლინსკის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს“, - წერს მედიასაშუალება. 

ამავე ინფორმაციით, დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია.

შიხლინსკის შვილის განცხადებით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დაკავებისას ორი აზერბაიჯანელის წამების და მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

აზერბაიჯანის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ძმები ზიადინ და ჰუსეინ საფაროვები პოსტტრავმატული შოკით დაიღუპნენ, რომელიც სხეულის დაზიანებებით იყო გამოწვეული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, ერთ-ერთი დაკავებული გულის უკმარისობისგან გარდაიცვალა.

რუსეთში ორი აზერბაიჯანელის დაღუპვისა და ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების ფაქტმა ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები კვლავ დაძაბა.

ამის შემდეგ აზერბაიჯანში რუსული კულტურული ღონისძიებები გაუქმდა.