Loading data...
„დონეცკის რესპუბლიკის“ სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი შუბითიძეს, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

სასამართლომ შუბითიძე დონბასში სამხედროების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

„სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და შუბითიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, რომელსაც ის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოიხდის“, - წერია ინფორმაციაში.

„დონეცკის რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ შუბითიძემ ხუთი რუსი სამხედრო მოკლა. ის ტყვედ ჩავარდა 2023 წელს კიდევ ერთ ქართველთან, გიორგი გოგლიძესთან ერთად, რომელსაც სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.