Loading data...
დონალდ ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ“, - ამის შესახებ The Atlantic-ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი იტყობინება.

ავტორის ინფორმაციით, ინიციატივა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, თუმცა მან შესაძლოა ტრამპს კრემლთან კომუნიკაციის დამყარების ახალი არხი გაუხსნას. ეს მიმართულება უკრაინის ომის მიღმა არსებულ საკითხებს ეხება, რომლის შეჩერებასაც ვაშინგტონი ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გარდა ამისა, სტრატეგიამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აშშ-ისთვის ხელსაყრელი კონტრაქტების დადებას რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე, ხოლო პოლიტპატიმრების გათავისუფლებამ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების არგუმენტები გაუძლიეროს.

აღნიშნული სტრატეგია კოულმა მანამდე ბელარუსში გამოცადა, სადაც ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მიაღწია, სანაცვლოდ კი აშშ-მა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები შეუმსუბუქა. ახლა კოულმა, ტრამპის თანხმობით, იგივე მიდგომის გამოყენება ვლადიმირ პუტინთანაც გადაწყვიტა. კოულის აზრით, ეს ვარიანტი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესსაც წაადგება.

„ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. რაც მეტია ურთიერთქმედება და კომპრომისი - იქნება ეს ეკონომიკურ სფეროში, პატიმრების საკითხში თუ სხვაგან - ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მშვიდობამდე. ეს თავისებური მისიაა“, - განუცხადა კოულმა ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ამჟამად აშშ კვლავ კონცენტრირებულია ომის დასრულების მცდელობაზე. ამ თვეში აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის შეწყვეტის განსახილველად, ასევე არსებობს ეგვიპტის ინიციატივა შავ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების შეჩერებაზე.