Loading data...
დონალდ ტრამპმა 2025 წელს კრიპტოვალუტით 1,4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - BBC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2025 წელს კრიპტოვალუტით 1,4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, 927-გვერდიან დოკუმენტში ტრამპმა მიუთითა 635 მილიონი დოლარის ოდენობის ჰონორარი ორგანიზაციიდან სახელწოდებით - Celebration Coins.

მან ასევე განაცხადა, რომ 500 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა World Liberty Financial-დან, კრიპტოვალუტის ფირმიდან, რომელიც მისმა ვაჟებმა და მისი სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის შვილებმა დააარსეს. 

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, გასულ წელს დონალდ ტრამპის საერთო შემოსავალმა მინიმუმ 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის შემოსავალს.

ტრამპის პრესმდივნის ანა კელის განცხადებით, არც პრეზიდენტი, არც მისი ოჯახი არასოდეს ყოფილა და არ იქნება ჩართული ინტერესთა კონფლიქტში. 

მისივე თქმით, საამაყოა, რომ პრეზიდენტმა „აშშ კრიპტოვალუტების მსოფლიო დედაქალაქად აქცია“.

„პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის ყველა ქმედება ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება“, - აცხადებს ანა კელი. 

ინფორმაციისთვის, 1978 წელს მიღებული კანონი აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მათი შემოსავლებისა და ქონების გასაჯაროებას ავალდებულებს.