Loading data...
დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადების შემდეგ, კირილ დმიტრიევი აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა - CNN

აშშ-სთან მოლაპარაკების საკითხებში კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში ჩავიდა. როგორც CNN წერს, აშშ-ში ვიზიტი ხორციელდება, უკრაინაში ომის დასრულებაზე კრემლის უარის გამო მზარდი იმედგაცრუების ფონზე და მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი სამიტი „გააუქმა“.

CNN-ის ინფორმაციით, დმიტრიევი შეერთებულ შტატებში „ოფიციალური“ მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციები გამოაცხადა.

წყაროების ცნობით, რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის (RDIF) ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება „აშშ-რუსეთის ურთიერთობების განხილვის გასაგრძელებლად“.

დმიტრიევი, რომელიც ერთ-ერთი თვალსაჩინო მომხრე იყო რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის, ცოტა ხნის წინ ალასკასა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს შორის „ტრამპ-პუტინის“ გვირაბის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს, ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ და მოუწოდა მოსკოვს, დათანხმდეს უკრაინასთან ომში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას. პუტინმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მცირე გავლენას მოახდენს და ეს მოსკოვზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.