დონალდ ტრამპის მიერ კირ სტარმერის კრიტიკის შემდეგ აშშ-ში მეფის ვიზიტის გაუქმებას მოითხოვენ - Sky News
ლიბერალ-დემოკრატების ლიდერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში მეფე ჩარლზის ვიზიტი გააუქმოს. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
მომავალ თვეში აშშ-ში მეფის სახელმწიფო ვიზიტია დაგეგმილი, რათა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილე აღნიშნოს.
თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშინგტონსა და ლონდონს შორის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ღრმა კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდა.
სწორედ ამიტომ ბრიტანეთის პარლამენტი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს მეფის სახელმწიფო ვიზიტი შეერთებულ შტატებში. მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკაა.
აღსანიშნავია, რომ ჩარლზ III-ის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 2026 წლის აპრილშია დაგეგმილი და ის ძლიერი კავშირის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო, თუმცა ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ედ დეივი დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ეს ვიზიტი ტრამპისთვის „დიპლომატიურ საჩუქრად“ გადაიქცევა.
„ახლა სახელმწიფო ვიზიტის განხორციელება აღიქმება, როგორც ტრამპის პოლიტიკის მხარდაჭერა. ეს მისთვის დიდი დიპლომატიური წარმატება იქნება. მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მიმართ მისი კრიტიკისა“, - აცხადებს დეივი.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დაგვიანებული გადაწყვეტილებით, ნება დაერთო ამერიკისთვის, ესარგებლა ბრიტანული ბაზებით.
სტარმერმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-მა მოითხოვა ბრიტანული ბაზების თავდაცვითი მიზნით გამოყენების ნებართვა და ბრიტანეთი აშშ-ს საკუთარი სამხედრო ბაზებიდან თავდაცვითი ოპერაციების განხორციელების ნებას რთავს.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრაზე თქვა, რომ „კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის“.
ლიდერებმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით 20-წუთიანი სატელეფონო საუბარი გამართეს.
მათ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.
საკითხი მოიცავდა „საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად“.
ბრიტანული მედიის თანახმად, საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის “ოდესღაც დიდ მოკავშირედ“ მოიხსენია და სტარმერს მიმართა, რომ „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან“.