დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს
„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდისთვის (RDIF) დაწესებული სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს“, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, რუსი ოფიციალური პირები სუვერენული ფონდისთვის სანქციების მოხსნას უფრო ფართო ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ითხოვენ, კერძოდ, მხარეებს შორის განხილვის თემა შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის საწვავის ტრანსპორტირებაში აღნიშნული ფონდის შესაძლო მონაწილეობას ეხება.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ თეთრი სახლი მოსკოვის მოთხოვნას განიხილავს.
მისი განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ასევე, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დადებითად შეაფასა ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე კონსულტაციებში აქტიურად მონაწილეობს და მას „სასარგებლო შუამავალი“ უწოდა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ფონდს სანქციები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში დაუწესა.