დონალდ ტრამპი: თუ ამერიკის დროშას დაწვავთ, ერთი წლით ციხეში წახვალთ

რა სასჯელი იქნება, თუ დროშას დაწვავთ? ერთ წლით თავისუფლების აღკვეთა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის გენერალურ პროკურორს ავალებს, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს იმ პირების მიმართ, რომლებიც დაწვავენ ან რაიმე ფორმით შეურაცხყოფენ აშშ-ის დროშას.
„დროშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით წვავენ. აშშ-ის დროშებს მთელ მსოფლიოში წვავენ და ძალიან საბრალო სასამართლომ, ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ, ამას სიტყვის თავისუფლება უწოდა. როდესაც ამერიკის დროშას წვავენ, ეს ისეთი დონის არეულობას იწვევს, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. რა სასჯელი იქნება, თუ დროშას დაწვავთ? ერთ წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებთ, ვადაზე ადრე გათავისუფლების გარეშე. ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, აშშ-ის დროშის დაწვის შემთხვევებს გენერალური პროკურორი პემ ბონდი განიხილავს. ამასთან, ბრძანების თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას დაევალება, აკრძალოს და შეწყვიტოს ვიზებისა და ბინადრობის ნებართვების გაცემა იმ პირებისთვის, ვინც დროშას შეურაცხყოფს.