დონალდ ტრამპი: პუტინს არ სურს ახალი ომი
„უკრაინა, ამ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვის რისკის ქვეშაა“, - აცხადებს დონალდ ტრამპი Fox Radio-სთან. „პუტინს ახალი ომი არ სურს“, - დასძენს აშშ-ის პრეზიდენტი.
რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერმა არაერთი კომენტარი გააკეთა. მისი მტკიცებით, კონფლიქტის შეჩერება და მშვიდობის დამყარება საფრთხეს არავის შეუქმნის, მათ შორის, არც უკრაინას და არც ბალტიისპირეთის ქვეყნებს. „მით უმეტეს, არც ევროპას“, - ირწმუნება ტრამპი.
„ისინი [რუსები] ახალ ომს არ ეძებენ, ისინი სასჯელს იღებენ“, - აცხადებს აშშ-ის ლიდერი. ტრამპი, ასევე, ირწმუნება, რომ არ აპირებს რუსეთისთვის ნავთობთან დაკავშირებული სანქციების მოხსნას. გარდა ამისა, მან დასძინა, რომ პირიქით, აპირებს „კიდევ უფრო ძლიერი სანქციების“ დაწესებას.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დრო 27 ნოემბრამდე აქვს.
„27 ნოემბერი აშშ-ში მადლიერების დღეა და შესაფერისი ვადაა უკრაინისთვის, „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“, - აღნიშნავს ტრამპი. მისი თქმით, ამ ვადაზე პასუხს დაჟინებით მოითხოვს, თუმცა შესაძლოა, დრო გახანგრძლივდეს, „თუ საქმე კარგად წავა“.
დონალდ ტრამპი დარწმუნებით ამბობს, რომ აშშ-ის მიზანი მხოლოდ, „მკვლელობების შეჩერებაა“.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ „აშშ-ის მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმა“ უკრაინისთვის მძიმე არჩევანია ღირსებასა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის.