Loading data...
დონალდ ტრამპი მინეაპოლისს „ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქს“ უწოდებს და საპროტესტო აქციებში ფედერალური აგენტების ჩართვას გამორიცხავს

შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგაშის გამოცხადება და ფედერალურ შენობებთან დაცვის გაძლიერება გახდა საჭირო, რასაც შეტაკებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც.

ფედერალური აგენტების საქმიანობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები შტატების ათობით ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, დენვერში, სან-ფრანცისკოში, ჰიუსტონში, ორეგონში გავრცელდა. ქუჩაში გამოსულები საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების მუშაობის შეჩერებას ითხოვდნენ.

აქციებთან დაკავშირებით საგანგებო განკარგულება გამოსცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ფედერალურ აგენტებს უბრძანა არ ჩაერიონ საპროტესტო აქციებში, თუ კი ადგილობრივი მმართველობები მათგან დახმარებას არ მოითხოვენ ან ფედერალურ ქონებას საფრთხე არ დაემუქრება.

„აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს დავავალე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ. შეგვატყობინეთ, როდის იქნებით მზად და ჩვენ იქ ვიქნებით, მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებთ, უნდა გამოიყენოთ სიტყვა „გთხოვთ“.

გახსოვდეთ, ფრთხილად იყავით - იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური, სასაზღვრო პატრული ან საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სამხედრო ძალები უკიდურესად ძლიერი და მკაცრი იქნებიან ჩვენი ფედერალური ქონების დასაცავად“, - დაწერა ტრამპმა.