Loading data...
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ ირანთან ომს „ძალიან მალე“ მოიგებს - მან შუალედური არჩევნების წინ ირანზე დარტყმების განახლება არ გამორიცხა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ მისი ქვეყანა ირანთან კონფლიქტს „ძალიან მალე“ მოიგებს. ამის შესახებ მან Fox News-თან საუბრისას განაცხადა.

ტრამპმა აღიარა, რომ აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ახალი სამხედრო დარტყმები „შესაძლებელია“.

„ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მალე მოვიგებთ ამ ომს და როგორც კი მოვიგებთ, ნავთობის ფასები დაეცემა - მნიშვნელოვნად დაეცემა, ომამდელ დონემდე“, - განაცხადა მან.

როდესაც ტრამპს ჰკითხეს, შესაძლებელია, თუ არა სამხედრო დარტყმების განახლება მოახლოებულ შუალედურ არჩევნებამდე, მან ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

„ამაზე საუბარი არ მსურს. ამაზე საუბარი არ მსურს. ვგულისხმობ, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ უბრალოდ არ მინდა ამაზე საუბარი“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანს „ბირთვული იარაღი არ ექნება“.