Loading data...
დონალდ ტრამპი კირ სტარმერს ტელეფონით ესაუბრა - Reuters

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

Reuters დაუნინგ-სტრიტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მხარეებმა დისკუსიის დროს, უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობები განიხილეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა, ასევე, ისაუბრეს „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მუშაობაზეც, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვეს.

გავრცელებული ცნობით, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად და საომარი მოქმედებების სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების უზრუნველსაყოფად „მსურველთა კოალიციის“ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ მხარეებმა განიხილეს აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩად კრისტიან ტერნერის დანიშვნა მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლეიბორისტული პარტიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან ახლო ურთიერთობას უკავშირდება. კერძოდ, ელჩი მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც გამჟღავნდა, რომ მან ეპშტეინს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა, სადაც მას „საუკეთესო მეგობარი“ უწოდა.