დონალდ ტრამპი: კანადას ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის დიდი ნაწილი აშშ-ის გავლით მიეწოდება, ვიღაცამ ამ ჯამბაზებს უნდა უთხრას, აშშ-ის მოთხოვნებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით უარესი შედეგები იქნება
„ჩვენს მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები გაცილებით მძიმე იქნება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში და კანადას ტარიფებთან დაკავშირებით აფრთხილებს.
ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევდა კანადას, თუმცა, მისი განცხადებით, ეს დამოკიდებულება მომავალში აღარ გაგრძელდება.
„დაგ ფორდისგან ბევრი ხმამაღალი განცხადება გვესმის. ის კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერია, თუმცა უფრო ცნობილია, როგორც გარდაცვლილი, დიდებული რობ ფორდის ნაკლებად ქარიზმატული, ნაკლებად გონიერი და, ზოგადად, ნაკლებად შთამბეჭდავი ძმა. ამერიკა ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა კანადას, მაგრამ ეს უკვე აღარ გაგრძელდება! შეერთებული შტატები ყოველთვის იქნება კანადაზე ბევრად დიდი, მდიდარი და ძლიერი. შეერთებული შტატების გარეშე კანადა ვერ იარსებებდა – სწორედ აქედან იღებენ ისინი მთელ თავიანთ ფულს. მათი ამჟამინდელი ცუდი ხელმძღვანელობის, ძირითადად, გუბერნატორ კარნისა და მისი ხელქვეითი ფორდის გამო, მათ აღარ მიეცემათ უფლება, კვლავ გამოიყენონ შეერთებული შტატები – მათი გადარჩენის მთავარი გასაღები. გახსოვდეთ, კანადას ელექტროენერგიის, ნავთობისა და გაზის დიდი ნაწილი აშშ-ის გავლით მიეწოდება. ვიღაცამ ამ ჯამბაზებს უნდა უთხრას, რომ აშშ-ის მოთხოვნებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანადისთვის გაცილებით უარესი შედეგები იქნება! კანადაში უმუშევრობის დონე ახლა ათ პროცენტს შეადგენს და სწრაფად იზრდება. მათი კომპანიები შეერთებულ შტატებში გადადიან და ეს ყველაფერი მათი წარუმატებელი პოლიტიკისა და უუნარო ხელმძღვანელობის შედეგია! ჩვენი ფერმერებისა და სხვა ბიზნესების ხარჯზე სარგებლის მიღების დღეები დასრულებულია!“ – დაწერა ტრამპმა.