დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტზე: არა მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს, არ ვიცი, კიდევ რამდენს გაუძლებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდება.
ოვალურ კაბინეტში რეპორტიორის მიერ დასმულ კითხვას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ირანთან ვითარების ბოლო ესკალაცია, ტრამპმა უპასუხა: „არც ისე დიდხანს“. თუმცა ამერიკელ ლიდერს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.
„არა მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს. არ ვიცი, კიდევ რამდენს გაუძლებენ“, - აღნიშნა ტრამპმა ირანზე საუბრისას.
ამასთან, მისი თქმით, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ში დაგეგმილი შუალედური არჩევნები გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს.
ტრამპის თქმით, რესპუბლიკელი ამომრჩევლები თანახმა არიან, ბენზინგასამართ სადგურზე დროებით მეტი გადაიხადონ, რადგან მათ არ სურთ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი მიიღოს.
როდესაც მის პოსტთან დაკავშირებით ჰკითხეს, რომელშიც მან დაწერა, თუ როდის აჯანყდებიან ირანელები რეჟიმის წინააღმდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი აჯანყება რთული იქნება, სანამ მომიტინგეები შეიარაღებულები არ იქნებიან.
მან გაიხსენა, თუ როგორ ესროდნენ რეჟიმის შეიარაღებული პირები მომიტინგეებს და აღნიშნა, რომ გასაგებია, თუ რატომ შეწყვიტა ხალხმა ქუჩაში გამოსვლა.
„სწორედ ამიტომ არ ხდება ეს და ვის შეუძლია მათი დადანაშაულება? თუმცა რეჟიმი დღითიდღე სუსტდება“, - დასძინა მან.