დონალდ ტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა, „ირანი დათანხმდა, რომ მას არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
ტრამპის თქმით, ირანული მხარე ვაშინგტონთან კონტაქტზეა და ამჯერად ისინი „გონივრულად საუბრობენ“. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ირანი დათანხმდა პირობას, რომლის მიხედვითაც მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი.
მოლაპარაკებების პროცესში ჩართულნი არიან ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, მარკო რუბიო და ჯეი დი ვენსი.
„მეორე მხარეს, შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმების მიღწევა სურთ. მათ ადგილას ვინ არ ისურვებდა ამას?“ - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის თქმით, ირანს აღარ ჰყავს მოქმედი ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და მწყობრიდანაა გამოსული მათი კავშირგაბმულობისა თუ ანტისარაკეტო სისტემები.
„ჩვენ თავისუფლად გადავადგილდებით თეირანის თავზე. შეგვიძლია ვაკეთოთ ის, რაც მოგვესურვება“, - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.