დონალდ ტრამპი: ირანი ამერიკისგან ამ დრომდე უნახავი ძალის დემონსტრირებას მიიღებს, თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი „ამ დრომდე უნახავი ძალის დემონსტრირებას მიიღებს ამერიკისგან, თუ რაიმე ფორმით მათ თავს დაესხმება“. მან კიდევ ერთხელ, გაიმეორა, რომ არანაირი კავშირი ვაშინგტონს არ აქვს ირანზე თავდასხმასთან. ინფორმაციაზე THE TIMES OF ISRAEL წერს.
„აშშ-ს არაფერი აქვს საერთო ირანზე შეტევის დაწყებასთან. თუ კი, ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აქამდე უნახავი შეიარაღებული ძალების სრულ მობილიზაციას მიიღებს“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. „ჩვენ მარტივად შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი“, - დასძინა მან.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ურყევად უჭერს მხარს ისრაელის მიერ განხორციელებულ შეტევას და ფაქტს „შესანიშნავს“ უწოდებს, ასევე, ადასტურებს, რომ თავდასხმის შესახებ ამერიკა ინფორმირებული იყო. მიუხედავად ამისა, ის ამტკიცებს, რომ ვაშინგტონი თავად არ მონაწილეობდა დაგეგმილ ოპერაციაში.
პარალელურად, ექსპერტების ვარაუდით, ირანის ყველა ბირთვული ობიექტის გასანადგურებლად, საჭირო იქნება აშშ-ის სამხედრო ბუნკერების საწინააღმდეგო ბომბები, რადგან ობიექტებიდან ზოგიერთი ღრმად მიწისქვეშაა განლაგებული.
ცნობისთვის, თავდასხმების სერიის დაწყებამდე ტრამპმა თქვა, რომ არ სურდა ისრაელის მიერ ირანზე დარტყმა, თუმცა დაადასტურა, რომ მსგავსი ქმედება დღის წესრიგში იყო. ისრაელის ოფიციალური პირების ვარაუდით, „განცხადება ერთგვარი ხრიკი“ გახლდათ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებით ამბობს, რომ თეირანს აქვს მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ აშშ-ის ძალები მხარს უჭერენ, ისრაელის მიერ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ წამოწყებულ ინტენსიური დაბომბვის კამპანიას.
„ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკული ძალები და ამერიკული ბაზები რეგიონში მხარს უჭერენ სიონისტური რეჟიმის სამხედრო ძალების თავდასხმებს“, - განუცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს, ირანის სახელმწიფო ტელევიზიიდან.