დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს - The Guardian

„ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნა განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ, წარმატების შემთხვევაში, აშშ-ში სასკოლო პოლიტიკას, თითქმის, მთლიანად შტატებისა და ადგილობრივი განათლების საბჭოების ხელში დატოვებს“, - წერს The Guardian.
როგორც გამოცემაში ვკითხულობთ, დეპარტამენტი 1979 წელს, კონგრესის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა და ზედამხედველობას უწევს, დაახლოებით, 100 000 საჯარო სექტორისა და 34 000 კერძო სექტორის სკოლას, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლების 85%-ზე მეტი სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობებიდან ფინანსდება.
ასევე, განათლების დეპარტამენტი უზრუნველყოფს ეროვნულ გრანტებს დაბალბიუჯეტიანი სკოლებისა და სასკოლო პროგრამებისთვის, მათ შორის, ითვალისწინებს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მასწავლებლების ანაზღაურებას, ხელოვნების პროგრამების დაფინანსებასა და მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლას.
განათლების დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშაა 1.6 ტრილიონი დოლარის ოდენობის სტუდენტური სესხები, რომლებსაც ათობით მილიონი ამერიკელი ფლობს - პირები, ვისაც კოლეჯების საფასურის სრულად გადახდა არ უხერხდებათ.
როგორც მედია საშუალებებში იწერება, ტრამპის მიერ დეპარტამენტის დაშლა რესპუბლიკელი პრეზიდენტის კამპანიის ნაწილია, ფედერალური მთავრობის შემცირებისა და რეფორმირების მიზნით. აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტის გაუქმება, დიდი ხანია, ბევრი კონსერვატორის მიზანია.
20 შტატისა და კოლუმბიის ოლქის გენერალურმა პროკურორებმა, ასევე, სკოლების საბჭოებმა და მასწავლებლების წარმომადგენელმა პროფკავშირებმა სარჩელი შეიტანეს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დეპარტამენტის დაშლის მცდელობის დაბლოკვის მიზნით.
ისინი ამტკიცებენ, რომ სამუშაო ადგილების მკვეთრად შემცირება, სააგენტოს ძირითადი ფუნქციების შესრულებას შეუძლებელს გახდის, მათ შორის, სამოქალაქო უფლებების სფეროში. ეს ფაქტი, თავისთავად, კონგრესის უფლებამოსილებას მიითვისებს, რაც აშშ-ის კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევა.