Loading data...
დონალდ ტრამპი: დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების ბრძანება გავეცი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ყოფილი მმართველის დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, ბრძანება გასცა, რომ ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი შესაბამის რეგიონებში განთავსდეს. 

„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, გავეცი ბრძანება, ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს სულელური და პროვოკაციული განცხადებები, მხოლოდ ამას არ წარმოადგენს.

სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად, შესაძლოა გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება. 

მადლობას გიხდით, თქვენი ამ საკითხისადმი ასეთი ყურადღებისთვის“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე. 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 28 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად დადგენილ 50-დღიან ვადას ამცირებს. დიმიტრი მედვედევმა ამ განცხადების პასუხად თეთრი სახლის ხელმძღვანელს მოუწოდა ახსოვდეს, რომ რუსეთი ისრაელი არ არის და ყოველი ახალი ულტიმატუმი ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამასთან, ტრამპმა მედვედევი გააფრთხილა, რომ ის ძალიან სახიფათო ტერიტორიაზე შედის.