დონალდ ტრამპი: დაუყოვნებლივ ვწყვეტთ ყველანაირ მოლაპარაკებას კანადასთან

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადასთან ყველანაირ მოლაპარაკებას წყვეტს და მიზეზად, კანადის მიერ ციფრული სერვისების გადასახადის დაწესებას ასახელებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
„ახლახან გვაცნობეს, რომ კანადამ - ქვეყანამ, რომელთან ვაჭრობაც ძალიან რთულია, გამოაცხადა, რომ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ციფრული მომსახურების გადასახადი დააწესა“, - აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, თუ როგორ უჭირდათ, ისედაც, ამერიკელ ფერმერებს მრავალი წლის განმავლობაში, კანადის მიერ დაწესებული 400%-იანი გადასახადის გადახდა.
„ეს პირდაპირი თავდასხმაა ჩვენს ქვეყანაზე და ამერიკის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს დონალდ ტრამპი. მისი აზრით, კანადა ცდილობს ევროკავშირის ქმედებები გაიმეოროს, რომელიც, ასევე, აპირებს ამერიკულ საქონელზე მაღალი ტარიფების დაწესებას.
შეგახსენებთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ევროპასა და ამერიკას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება კანადას, დონალდ ტრამპის თქმით, ამ ნაბიჯის შემდეგ, შეერთებული შტატები წყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას მასთან და მომდევნო შვიდი დღის შემდეგ, საპასუხო ტარიფს დაუწესებს.
„ჩვენ ამით ვწყვეტთ კანადასთან ყველანაირ დისკუსიას, რაც ვაჭრობას და მის გარშემო განვითარებულ საკითხებს ეხება. ბრძანება დაუყოვნებლივ შევა ძალაში. რაც შეეხება საპასუხო ტარიფს, რომელსაც კანადა ამერიკისგან მიიღებს, ამის შესახებ მათ შვიდ დღეში ვაცნობებთ“, - ამბობს ტრამპი.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, საპასუხოდ დაწესებული ტარიფი იქნება ის, რასაც კანადა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქმიანი ურთიერთობისთვის გადაიხდის.