დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას მას ევროპაში ყველანაირი სამხედრო აგრესიის შეჩერება სთხოვა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან პუტინთან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.
„ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრებისას დიდი დრო დავუთმე იმ საკითხს, რომ ვისურვებდი, პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის სამხედრო აგრესია ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება და ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდება“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდეს, რაც „ყველასთვის დიდი მიღწევა იქნება“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ერთი დღით ადრე მან ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მიიღო და პუტინთან საუბრის შედეგები გააცნო.
მან პოსტს თან დაურთო ალიანსის გენერალურ მდივანთან ერთად შემუშავებული ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსეთმა და უკრაინამ თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც განზრახ, თუ უნებლიედ აფართოებს ომის მასშტაბებს“ და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულონ ომი.