დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტრიუმფალური თაღი, რომელიც ვაშინგტონში აშენდება, სამხედრო კომპლექსი გახდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების „დაჟინებული თხოვნით“ და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ის დათანხმდა „დიდებული ტრიუმფალური თაღის“ „უმაღლესი დონის სამხედრო კომპლექსად“ გადაკეთებას.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტრიუმფალური თაღის აშენება მრავალი წლის განმავლობაში იგეგმებოდა. მისივე თქმით, აშშ-ის ტრიუმფალური თაღი მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება.
„შეერთებული შტატების სამხედროების დაჟინებული თხოვნით და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, დავთანხმდი, რომ არლინგტონის მემორიალური ხიდის მიმდებარედ არსებული დიდებული ტრიუმფალური თაღი, რომელიც სამოქალაქო ომის დროიდან მრავალი წლის წინ იყო დაგეგმილი, გადავაკეთო უმაღლესი დონის სამხედრო კომპლექსად/ტრიუმფალურ თაღად, სადაც განთავსდება, შეინახება და სწრაფად გამოიყენებენ დიდი რაოდენობით დრონებსა და სნაიპერებს როგორც სახურავზე, ასევე მოედნის ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდება და შეინახება დიდი რაოდენობით სნაიპერული საბრძოლო მასალა. მსოფლიოში არსად იქნება მსგავსი ნაგებობა. 59 წამყვან ქალაქსა და დედაქალაქს შორის ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც არ აქვს ტრიუმფალური თაღი, მაგრამ ახლა ექნება და, უდავოდ, ყველაზე დიდი იქნება მათ შორის!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში ტრამპის ადმინისტრაციამ ხელოვნების კომისიას წარუდგინა 76 მეტრის სიმაღლის ტრიუმფალური თაღის დიზაინი, რომლის განთავსებაც ვაშინგტონში, არლინგტონის მემორიალური ხიდის ესტაკადაზეა დაგეგმილი. ტრიუმფალური თაღი აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს მიეძღვნება.