Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიების საეთერო ლიცენზიები უნდა გაუქმდეს, თუ ისინი მის შესახებ ძირითადად, უარყოფით ინფორმაციას გაავრცელებენ.

„სადღაც წავიკითხე, რომ ტელეკომპანიების 97% ჩემ წინააღმდეგ იყო. მე 97%-ით უარყოფითად გამაშუქეს, მაგრამ მაინც ადვილად გავიმარჯვე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა 2024 წლის არჩევნების შესახებ საუბრისას.

ტრამპის თქმით, ის მხარს დაუჭერს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის მცდელობებს ლიცენზიების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა ინიციატივა, რომ ტელეკომპანიებმა პერიოდულად უნდა მოითხოვონ ლიცენზიების განახლება. ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი, რომელსაც უნიჭო „შეშლილი“ უწოდა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია ABC-მ ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული განცხადების გამო ეთერიდან მოხსნა.