Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას „აღსასრული“ ელის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 3 ნოემბერს კონგრესის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას „აღსასრული“ ელის. ამის შესახებ მან Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპმა თავის ოპონენტებს „გიჟები“ უწოდა და მოქალაქეები დემოკრატების გამარჯვების შედეგების შესახებ გააფრთხილა.

„თუ ჩვენ დავკარგავთ წარმომადგენელთა პალატას, სენატს და პრეზიდენტობას, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება, რადგან ესენი გიჟები არიან... თქვენ საქმე გაქვთ ავღანელებთან, რომლებიც ჯო ბაიდენმა შემოუშვა - მათგან 200 000 ჯარების წარუმატებელი გაყვანის შემდეგ. ბევრი მათგანი, ათასობით მათგანი, მომავალ წელს „მწვანე ბარათების“ ნაცვლად მოქალაქეობას მიიღებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოქმედი პრეზიდენტის პარტია კონგრესის შუალედურ არჩევნებში ყოველთვის მარცხდება — მიუხედავად იმისა, „კარგია ის, თუ ცუდი“.

„ამრიგად, პრეზიდენტები, როდესაც პრეზიდენტი ხარ - რესპუბლიკელი, თუ დემოკრატი, კარგი, თუ ცუდი - შუალედურ არჩევნებში მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებენ. არ ვიცი, რატომ. ეს აზრს მოკლებულია. არასდროს ჰქონია აზრი. ასე რომ, ვნახოთ, როგორ გამოგვივა“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. 

მან დასძინა, რომ შუალედური არჩევნებისთვის ისე არასდროს მომზადებულა, როგორც ამჯერად, ვინაიდან წლევანდელ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.