დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება თითქმის საბოლოოა და დოკუმენტს ხელი, შესაძლოა, ევროპაში მოეწეროს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება თითქმის საბოლოოა და აღნიშნავს, რომ მის ხელმოწერას, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.
„აშშ-მა ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია. დოკუმენტების საბოლოო დამუშავებას ვაპირებთ. ეს უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპი აცხადებს, რომ დოკუმენტს ხელი, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას ევროპაში მოეწეროს.
ტრამპი აღნიშნავს, რომ შეთანხმების შედეგად ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს აცნობა.
„მთელი ახლო აღმოსავლეთი ძალიან ბედნიერია“, - დასძინა ტრამპმა.