Loading data...
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მიმართებით სამი სტრატეგიული გეგმა აქვს

„ირანთან მიმართებით მოქმედების სამი სტრატეგიული გეგმა გვაქვს - დაველოდოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას, განვახორციელოთ მასშტაბური იერიში, ან კიდევ უფრო მძიმედ დავაზიანოთ ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა

ტრამპის თქმით, ვაშინგტონის იერიშები რომ არა, თეირანს უკვე ექნებოდა ბირთვული იარაღი. აშშ-ის მუდმივი წნეხის გამო კი ირანი ამჟამად სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.

„ჩვენ სამი სტრატეგია გვაქვს: პირველი - გავაგრძელოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. უბრალოდ, მშვიდად გავყვეთ ამ გზას და ვნახოთ, რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი, რადგან ქვეყანაში 300%-იანი ინფლაციაა. მათი ვალუტა თითქმის უფასურდება, ჯარისკაცებს ხელფასებს ვერ უხდიან და ისინიც ტოვებენ სამსახურს. ამიტომ, უბრალოდ გავაგრძელოთ ეს პროცესი, რადგან ვითარება მდგრადი არ არის. მეორე ვარიანტია, მათ ძალიან, ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენოთ. ხოლო მესამე - უბრალოდ, ეკონომიკურად გავანადგუროთ. თუმცა ამას ისედაც ვაკეთებთ და ეს, გარკვეულწილად, პირველი სტრატეგიის ნაწილიცაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ირანი სრულ ქაოსშია და ფულის სესხებასაც ვერ ახერხებს. ტრამპის განმარტებით, აშშ სრულად აკონტროლებს ირანის ფინანსურ ნაკადებს.