Loading data...
დონალდ ტრამპი: აშშ-სა და კანადას შორის წლების განმავლობაში ვაშინგტონისთვის წაგებიანი სავაჭრო შეთანხმება არსებობდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და კანადას შორის ვაშინგტონისთვის წაგებიანი სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა, რის გამოც, ამერიკელი ფერმერები და სხვა მოქალაქეები ზარალდებოდნენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ტრამპის განცხადებით, კანადა ამერიკელ ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე „ძალიან მაღალ“ ტარიფებს აწესებდა, რამაც, აშშ-ისთვის დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი შექმნა.

„კანადა წლების განმავლობაში ატყუებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. მათმა სასაცილოდ მაღალმა ტარიფებმა ჩვენს ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ცხოვრება შეუძლებელი გახადა დიდი ამერიკელი პატრიოტებისთვის და დიდი ხანია, შექმნა 60 მილიარდი დოლარის დეფიციტი ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ეს არ არის მდგრადი და მეტად აღარ იქნება!“, - წერს ტრამპი.

ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2027 წლის 1 იანვრიდან კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, სატვირთო ავტომობილებზე, ავტონაწილებსა და ფოლადზე ტარიფები 50%-მდე გაიზრდება.

მისი თქმით, თუ აღნიშნული პროდუქცია აშშ-ში იქნება წარმოებული, მასზე ტარიფი ნულოვანი იქნება.

„2027 წლის პირველი იანვრიდან, ყველა დიდ და პატარა ავტომობილზე, სატვირთო მანქანაზე, ავტომობილის ნაწილებსა და ფოლადზე ტარიფები 50%-მდე გაიზრდება. თუ ისინი აშშ-ში იქნება წარმოებული, ტარიფები ნულოვანი იქნება“, - აღნიშნავს ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ვაშინგტონს კანადა აღარ სჭირდება და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობა, შეერთებული შტატებისთვის ხელსაყრელი არ არის.

„ვაჭრობის და სხვა მხრივაც, ისინი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ერს წარმოადგენენ. თავს უფლებამოსილად გრძნობენ და მაინც, ჩვენ არ გვჭირდება კანადა, მათ ჩვენ ვჭირდებით. ისინი თავიანთი ბიზნესის 95%-ს აშშ-სთან ახორციელებენ, ჩვენთან კი პირიქით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.