დონალდ ტრამპი: აშშ მძლავრ იარაღს აწვდის უკრაინას, რაც ამერიკის რეზერვებზე გავლენას ახდენს

„ჩვენ გვჭირდება „ტომაჰავკები“ და ბევრი სხვა იარაღი, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინაში ვაგზავნით“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, რა მოხდება თუ შეერთებულ შტატებს დასჭირდება „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები საკუთარი კონფლიქტისთვის.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ამ ეტაპზე მძლავრ იარაღს აწვდის უკრაინას, რაც ამერიკის რეზერვებზე გავლენას ახდენს.
„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვინდა ამ ომის დასრულება, სწორედ ეს არის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირი იხდის იარაღის საფასურს.
დონალდ ტრამპის თქმით, მან უკვე რვა კონფლიქტი მოაგვარა, თუმცა ნობელის პრემია არ აინტერესებს.
„როგორც ვიცი, არასოდეს ყოფილა პრეზიდენტი, რომელმაც ერთი ომი მაინც დაასრულა. ბევრი იწყებს ომებს, მაგრამ არავინ ასრულებს მათ“, - განაცხადა ტრამპმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმაც კი გამოთქვა აღფრთოვანება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების გამო.
„გუშინ პუტინმა თქვა, რომ გაოცებული იყო, რომ შევძელით ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება. მას ეს წარმოუდგენელი ეგონა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.