Loading data...
დნესტრისპირეთის 60 000-მა მკვიდრმა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა

დნესტრისპირეთის 60 000-ზე მეტმა მკვიდრმა გამარტივებული პროცედურით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ არაღიარებული დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს, რომ დნესტრისპირეთის 470 000 მკვიდრიდან რუსული პასპორტი 220 000-ს უკვე აქვს. ეს რეგიონი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მოლდოვის ტერიტორიის ნაწილია.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, რომლის მიხედვით დნესტრისპირეთის მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლია. ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს დამატებითი მოთხოვნების, მაგ. რუსული ენის და რუსეთის ისტორიის ცოდნის ტესტის ჩაბარება არ უწევთ.

დნესტრისპირეთმა მოლდოვისგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი არც ერთი სახელმწიფოს მიერ აღიარებული არ არის. რეგიონში რუსეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფება იმყოფება. არაღიარებული რესპუბლიკის მოსახლეობა დაახლოებით 470 000 ადამიანს შეადგენს.