Loading data...
დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 8-მდე გაიზარდა

დნეპრის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე განჟას ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დნეპრზე რუსული ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 8-მდე გაიზარდა. 

უკრაინული მხარის განცხადებით, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე იერიშის მისატანად 47 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა.

კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა მეორედ მიიტანეს დნეპრზე მასშტაბური იერიში. 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების იერიშების შედეგად, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

„რუსეთის ტაქტიკა უცვლელი რჩება: დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები. სამიზნეების უმეტესობა ქალაქებში მდებარე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ენერგეტიკული ობიექტები და ბიზნესები. ყოველმა მსგავსმა დარტყმამ ჩვენს პარტნიორებს უნდა შეახსენოს, რომ სიტუაცია სასწრაფო და მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სასწრაფოდ გაძლიერება გვჭირდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.