დმიტრიევმა მერცს და ფონ დერ ლაიენს გადადგომისკენ მოუწოდა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თანამდებობები უნდა დატოვონ მას შემდეგ, რაც რუსული აქტივების ექსპროპრიაცია ვერ შეძლეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
„ურსულამ და მერცმა თანამდებობები უნდა დატოვონ, თუ სურთ დაამტკიცონ დაპირებული „რწმენა, ერთიანობა და მონდომება“, მას შემდეგ, რაც მათ ვერ შეძლეს ევროკავშირის მიერ რუსული რეზერვების უკანონოდ ჩამორთმევა“, - დაწერა დმიტრიევმა X-ზე.
მან დასძინა, რომ მერცმა და ფონ დერ ლაიენმა მთელი თავიანთი პოლიტიკური კაპიტალი დახარჯეს, შედეგების მიღწევის პირობა დადეს და გამანადგურებელი მარცხი განიცადეს.
მოგვიანებით დმიტრიევმა დასძინა, რომ ბელგია, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი იცავდნენ საკუთრების უფლებებს, ასევე ევროპის ფინანსურ და სამართლებრივ სისტემებს, რამაც ევროკავშირი ინვესტორების მასიური გადინებისგან იხსნა. მისი თქმით, მათ გამოავლინეს ევროკავშირის ომის წაქეზებული ელიტების არაკომპეტენტურობა, რომლებიც ხელს უწყობდნენ უკანონო ქმედებებს, ფლანგავდნენ პოლიტიკურ კაპიტალს და ჩაფლავდნენ.
ცნობისთვის, ევროკავშირმა უკრაინის საჭიროებების დასაფინანსებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე უარი თქვა. ამის ნაცვლად, ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი გამოყონ.