დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინასთან ენერგეტიკული ზავი ამჟამად არ განიხილება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან ენერგეტიკული ზავი ამჟამად არ განიხილება.
პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე დარტყმებს მის ტერიტორიაზე უკრაინული იერიშების საპასუხოდ ახორციელებს. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ადგილზე სიტუაცია „სულ უფრო უარესდება“.
„კიევი ახლა არა გრძელვადიან მოგვარებას, არამედ ცეცხლის შეწყვეტას გვთავაზობს იმ სფეროში, რომელიც მათთვის აქილევსის ქუსლია - ენერგეტიკა“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა.
გარდა ამისა, პესკოვმა განაცხადა, რომ აბუ-დაბი დღის წესრიგში იქნება, როგორც ომის მოგვარების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის ადგილი. თუმცა, მისი თქმით, ეს შესაძლებელი მხოლოდ მაშინ გახდება, როცა საქმე არსებით განხილვამდე მივა.
პუტინის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარება სასურველია“. მან დასძინა, რომ ასეთი შესაძლებლობები ამჟამად არ არსებობს, რაც კრემლს ომის გაგრძელებას „აიძულებს“.
„უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისთვის რუსეთის პირობები არ შეცვლილა და კარგად არის ცნობილი“, - აღნიშნა პესკოვმა.