დიმიტრი პესკოვი: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექსტურასთან განუყოფლად არის დაკავშირებული
უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან განუყოფლად არის დაკავშირებული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„ცხადია, რომ ასე თუ ისე, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება დაკავშირებული იქნება ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან. ეს ორი განუყოფელი ნაწილია და ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს“, - განუცხადა მან „ვესტის“ ჟურნალისტს პაველ ზარუბინს.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროპას ადრე თუ გვიან მოუწევთ დიალოგის დაწყება. მაგრამ, მისი თქმით, თუ ევროპულ დედაქალაქებს არ სურთ მშვიდობა, ეს უსარგებლო იქნება და მოსკოვს მოუწევს, მიზნებს ძალის გამოყენებით მიაღწიოს.
„რა თქმა უნდა, გარკვეულ ეტაპზე ეს საკითხი ევროპელებთან უნდა განვიხილოთ. სხვა საქმეა, თუ მათ ნამდვილად არ სურთ მშვიდობა, მაშინ ეს აზრს მოკლებული იქნება. ასეთ შემთხვევაში, შეთანხმების მიღწევის პოტენციალის არარსებობის პირობებში, ამის გაკეთება ძალის გამოყენებით მოგვიწევს“, - აღნიშნა მან.
პესკოვის თქმით, ევროპელები ჯერ კიდევ არ ავლენენ ერთიანობას.
„ისინი უბრალოდ საკუთარი დაქსაქსულობის გამო ვერ ახერხებენ გარკვეული გადაწყვეტილებების დროულად მიღებას. ეს ყველაფერს აფერხებს. ვნახოთ, გამონახავენ, თუ არა ისინი საკუთარ თავში შესაძლებლობასა და ძალას, რომ მაინც მივიდნენ გარკვეულ საერთო ნიშნულამდე და სწრაფად იმოქმედონ. ჯერჯერობით ასე არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.