დიმიტრი პესკოვი: რუსეთი დარტყმებს არ შეწყვეტს და მზადაა, დონბასის „0.01%-ისთვისაც კი“ იბრძოლოს
რუსეთი უკრაინაზე იერიშებს საკუთარი ინტერესების მიღწევის ერთადერთ გზად მიიჩნევს და არ აპირებს გაჩერებას, სანამ მთელ დონბასს არ დაიპყრობს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მშვიდობა სურს“.
„აი, რა თქვა პუტინმა: ჩვენ გვინდა მშვიდობა და გვირჩევნია, ამას მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ, მაგრამ სანამ ეს შეუძლებელია, ვიბრძოლებთ და ვიბრძოლებთ მთელი ძალით“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, პესკოვმა განაცხადა, რომ „ისინი, ვინც რუსეთზე გამანადგურებელი დარტყმის მიყენების გეგმებს ამზადებენ, საფასურს გადაიხდიან“.
კრემლის პრესმდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზეც. მისი თქმით, რუსეთი გეგმავს დონბასის მთელი ტერიტორიის ოკუპაციას და აპირებს, იბრძოლოს „ტერიტორიის 0.01%-ისთვისაც კი“.
„თუნდაც ნახევარი პროცენტი იყოს, თუნდაც მეასედი პროცენტი იყოს. ეს რუსეთის ფედერაციაა. აქ განსახილველი არაფერია“, - განაცხადა პესკოვმა.