Loading data...
დიმიტრი პესკოვი: რუსეთ-უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირის მონაწილეობას არ ითვალისწინებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

„სამმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. მით უმეტეს, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, საერთოდ აქვს თუ არა ევროკავშირს რაიმე სამშვიდობო პოზიცია“, - აცხადებს პესკოვი. 

გარდა ამისა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ევროკავშირს პროვოკაციული პოზიცია აქვს, რომელიც მისი მტკიცებით, „ომის შემდგომი გაღვივებისა და გაგრძელებისკენ“ არის მიმართული. 

„ასეთი მონაწილეები ჩვენ არ გვჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. 

დიმიტრი პესკოვმა, ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ „ნაკლებად სავარაუდოა, ასეთი მონაწილეები თავად ამერიკელებს სჭირდებოდეთ, რომლებიც პირიქით, მშვიდობის მიღწევას ცდილობენ“.

ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთ-აშშ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება.

„თარიღის განსაზღვრა მოხდება. ნათელია, რომ ეს 4 ნოემბრის შემდეგ იქნება“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, შეხვედრის ჩატარების საკითხი „დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ზოგად სიტუაციაზე“.