დიმიტრი პესკოვი: რუბიო მართალია, ჯერჯერობით კონფლიქტის მოგვარების წინაპირობებს ვერ ვხედავთ
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დაეთანხმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დიპლომატიური გზით მოგვარების პერსპექტივა ამჟამად არ არსებობს.
„რუბიო ნამდვილად მართალია: ჯერჯერობით ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავთ. და ის, რითაც დავიწყეთ - ზელენსკის განცხადება - სწორედ იმას მოწმობს, რომ არანაირი წინაპირობა ჯერ არ ჩანს. თუმცა დიპლომატიის ხელოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ვიპოვოთ რაიმე ხვრელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სამშვიდობო ტრაექტორიაზე გადავიდეთ“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების უახლოეს პერსპექტივას ვერ ხედავს.
მან კვლავ გაიმეორა კრემლის პოზიცია, რომ რუსეთი კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარებისკენ ისწრაფვის და არ არის დაინტერესებული ისეთი დროებითი ზომებით, როგორიცაა შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტა.