დიდმა ბრიტანეთმა ირანში საელჩოს მუშაობა შეაჩერა
დიდმა ბრიტანეთმა თეირანიდან თავისი ელჩისა და საელჩოს ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო მოქმედებების ფონზე. ამის შესახებ Politico დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
„დაუნინგ სტრიტის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასების საფუძველზე და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს.
„ჩვენ დროებით დავხურეთ ბრიტანეთის საელჩო თეირანში, ახლა ის დისტანციურად იმუშავებს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციები მოგზაურობის შესახებ განახლდა, საკონსულო საქმიანობაში არსებული ცვლილებების გათვალისწინებით.
დიდი ბრიტანეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან და მათ, ვინც უკვე იმყოფება ირანში, ურჩევს, „ყურადღებით განიხილონ“ ქვეყანაში დარჩენის საკითხი.
ევროპელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი ევროპელ დიპლომატებთან ერთად 12 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე დაიბარეს.