დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: პუტინმა ევროპის მიმართ მტრული განწყობის ახალ დონეს მიაღწია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი მიიჩნევს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ ქმედებების ესკალაციის ნიშანია.
E5-ის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის დროს ჰილიმ განაცხადა, რომ გასულ ღამეს „პუტინმა ევროპის მიმართ მტრული განწყობის ახალ დონეს მიაღწია“.
„ჩვენ ვიხილეთ პოლონეთის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ, რაც იმდენად სერიოზული იყო, რომ ვარშავის აეროპორტი დაიხურა და ნატოს თვითმფრინავებმა რუსული დრონები ჩამოაგდეს“, - დასძინა მან.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ეს პირველი ასეთი ოპერაციაა.
„მივმართავ პუტინს: თქვენი აგრესია მხოლოდ აძლიერებს ნატოს ქვეყნებს შორის ერთიანობას. თქვენი აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. თქვენი აგრესია გვახსენებს, რომ უსაფრთხო ევროპას ძლიერი უკრაინა სჭირდება და რომ ევროპის უსაფრთხოება უკრაინაში იწყება“, - განაცხადა ჰილიმ.