Loading data...
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი: დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად კომუნიკაციის დამატებითი არხები სჭირდებათ

დიდ ბრიტანეთს ურჩევნია, რუსეთთან კომუნიკაციის დამატებითი არხები ჰქონდეს, კერძოდ, სამხედრო უწყებების დონეზე, რათა არასწორი გათვლების რისკი შემცირდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უეს სტრიტინგმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მინისტრის განცხადებები იმ ფონზე კეთდება, რაც რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის შუამავლობით ორდღიანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეიკრიბნენ.

„ჩვენ გვაქვს საელჩო მოსკოვში. ეს მნიშვნელოვანი არხია... ბევრად უმჯობესი იქნებოდა, რომ გვქონდეს დამატებითი არხები, განსაკუთრებით სამხედრო უწყებების დონეზე“, - აღნიშნა სტრიტინგმა.

„არასწორი გათვლების რისკი ყოველთვის არსებობს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კომუნიკაციის ასეთი პირდაპირი არხის ქონა“, - დასძინა მან.

მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქების უმეტესობას, კერძოდ, ლონდონს შორის ურთიერთობები 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაყინულ მდგომარეობაშია.