დიდი ბრიტანეთის პრინცმა ენდრიუმ განაცხადა, რომ იორკის ჰერცოგის ტიტულზე უარს იტყვის

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ენდრიუმ განაცხადა, რომ უარს იტყვის იორკის ჰერცოგის ტიტულზე, ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან მისი კავშირების გამო მრავალწლიანი კრიტიკის შემდეგ. ეპშტეინი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში დაადანაშაულეს და 2019 წელს ციხის საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მეფე ჩარლზ III-ის უმცროსი ძმისა და დედოფალ ელისაბედ II-ის მეორე ვაჟის, ენდრიუს რეპუტაცია ბოლო წლებში ეპშტეინის საქმემ მნიშვნელოვნად შეარყია.
გარდა ამისა, ხელისუფლება ეჭვობდა, რომ მისი ერთ-ერთი ახლო ბიზნესპარტნიორი ჩინეთის დაზვერვისთვის მუშაობდა. 2023 წელს ამ პირს დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალა.
17 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ენდრიუმ აღნიშნა, რომ მის მიმართ „განგრძობადმა ბრალდებებმა“ მისი უფროსი ძმის, მეფე ჩარლზისა და დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფართო საქმიანობიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანა.
„გადავწყვიტე, როგორც ყოველთვის, ჩემი მოვალეობა ჩემი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე პირველ ადგილზე დავაყენო“, - განაცხადა პრინცმა ენდრიუმ.
მან გაიხსენა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლა ხუთი წლის წინ გადაწყვიტა.
„მისი უდიდებულესობის თანხმობით, ჩვენ დავასკვენით, რომ ახლა უფრო შორს უნდა წავიდე. ამიტომ აღარ გამოვიყენებ ტიტულს, ან ჯილდოებს, რომლებიც მონიჭებული მაქვს. როგორც ადრე ვთქვი, კატეგორიულად უარვყოფ ჩემს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს“, - დასძინა პრინცმა ენდრიუმ.
ტიტულებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მან სამეფო ოჯახის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. სამეფო წყაროს ცნობით, მეფე შედეგით კმაყოფილი დარჩა.
ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტული დედისგან მემკვიდრეობით მიიღო. BBC-ის განმარტებით, ის პრინცად დარჩება.
ეპშტეინთან მეგობრობის საკითხი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა ვირჯინია ჯუფრის სიკვდილის შემდგომი მემუარების ამონარიდების ბოლოდროინდელი გამოქვეყნების შემდეგ. მათში ის ამტკიცებს, რომ ეპშტეინის მხრიდან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდა და 17 წლის ასაკში პრინც ენდრიუსთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.
65 წლის ენდრიუ, რომელსაც 2022 წელს სხვა ტიტულების უმეტესობა და სამეფო მოვალეობები ჩამოერთვა, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მერვეა.