დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანულ ავიაბაზაზე მომხდარი ინციდენტის უკან, დიდი ალბათობით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დგას
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში მდებარე RAF Fairford-ის ავიაბაზის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო შეთქმულება, „დიდი ალბათობით“, ირანიდან იყო კოორდინირებული და თითქმის დანამდვილებით „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ იმართებოდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ არსებობდა დრონით თავდასხმის განხორციელების სავარაუდო გეგმა ირანის მონაწილეობით. გასულ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ბრიტანული ბაზიდან ამერიკული ბომბდამშენების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება ირანთან დაკავშირებულმა საფრთხემ განაპირობა.
„შემიძლია, დავადასტურო ჩვენი შეფასება, რომ, დიდი ალბათობით, ეს ირანიდან იყო კოორდინირებული და თითქმის დანამდვილებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ იყო მართული“, - განუცხადა ბერნჰემმა პარლამენტს.
„არ შევეგუებით ამ მუქარებს ჩვენს მიწაზე. ირანის მიერ კრიმინალური ქსელების გამოყენების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მივიღებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ როგორც თავად ამ ქსელების, ისე მათი დაფინანსების წყაროების წინააღმდეგ. ამასთანავე, დავაწესებთ დამატებით სანქციებს, რათა შევზღუდოთ ირანისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შესაძლებლობა, ზიანი მოგვაყენონ“, - აღნიშნა ბერნჰემმა.
თავად თეირანმა უარყო „ფეირფორდის“ ინციდენტში მონაწილეობა და ბრალდებებს „უსაფუძვლო და მავნებლური სპეკულაციები“ უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ავიაბაზას აშშ ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა. სექტემბრის ბოლოს ბაზის მახლობლად ხუთი ბრიტანელი მამაკაცი დააკავეს, რომლებსაც ტერორისტული აქტების მომზადებაში ედებოდათ ბრალი. ისინი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ, „მკაცრი პირობებით“, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. ასევე, გაათავისუფლეს ორი სხვა დაკავებულიც, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.