Loading data...
დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკული კომპანიები მზადყოფნაში არიან მას შემდეგ, რაც ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ელექტროსადგური დროებით გათიშეს

დიდ ბრიტანეთში ენერგოკომპანიები განსაკუთრებულ მზადყოფნაში არიან მას შემდეგ, რაც ირანის რეჟიმთან სავარაუდოდ დაკავშირებულმა ჰაკერებმა გასულ თვეში მცირე სიმძლავრის ენერგოგენერატორი დროებით გათიშეს, - წერს CNN The Sunday Telegraph-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ქარხანა, რომლის ვინაობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ გახმაურებულა, კიბერშეტევის გამო ოთხი დღის განმავლობაში იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა.

თავდასხმის საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნულოვანი ემისიების დეპარტამენტმა ენერგოკომპანიებს შესაბამისი რეკომენდაციები გაუგზავნა.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ს განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა „ძალიან მდგრადია“ და აღნიშნა, რომ თავდასხმას უფრო ფართო ენერგოსისტემისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

როგორც მედია წერს, ირანს დიდი ხანია ადანაშაულებენ კიბერთავდასხმების განხორციელებაში, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა და სახელმწიფო უწყებების მგრძნობიარე მონაცემებზე წვდომა გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების დაახლოებით სამი მეოთხედი მტრულად განწყობილ სახელმწიფო აქტორებს უკავშირდება.