Loading data...
დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ტექნიკური ხარვეზის გამო ასობით ფრენა გაუქმდა

„დიდი ბრიტანეთის საჰაერო მოძრაობის მართვის ეროვნულ სისტემაში (NATS) წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, ქვეყნის მასშტაბით აეროპორტებში რეისები გაუქმდა“ - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შეფერხება შეეხო ჰითროუს, გეთვიკის, მანჩესტერისა და სტანსტედის აეროპორტებიდან გამავალ რეისებს. მონიტორინგის სერვისების ცნობით, ჰითროუს აეროპორტში დაახლოებით 100 ფრენა გაუქმდა, ხოლო 367 რეისი შეფერხდა. გეთვიკის აეროპორტში კი დაახლოებით 250 ფრენა შეფერხდა.

NATS-ის წარმომადგენლების განცხადებით, ინჟინრებმა ხარვეზის აღმოფხვრა შეძლეს და სისტემა აღდგენის პროცესშია, თუმცა რეისების სრული განრიგის დასარეგულირებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო. ავიაკომპანიები მგზავრებს მოუწოდებენ, აეროპორტში გამგზავრებამდე ფრენის სტატუსი გადაამოწმონ.